სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფოლოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი დაარსდა 2002 წლის სექტემბერში. 2004 წლის დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების უმაღლესი სასწავლებელების სააკრედიტაციო კომისიის გადაწყვეტილებით #2-19/282, 15.02, ინსტიტუტმა სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო და თეოლოგის კვალიფიკაციით ბაკალავრის დიპლომის გაცემის უფლება მოიპოვა.

ზოგადი ინფორმაცია: ინსტიტუტის სასწავლო პროცესი სრულფასოვან ქრისტიანულ სწავლებას ეფუძნება, რითაც გამოირჩევა სხვა უმაღლეს სასწავლებელთა შორის. სასწავლო პროგრამა ქართული, ეროვნული, კულტურის თავისებურებების გათვალისწინებითაა შედგენილი; კერძოდ:

- საქართველო უძველესი ქვეყანაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ქრისტიანობა (337 წ)
- გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში სხვადასხვა კულტურებისა და ტრადიციების (აღმოსავლური, დასავლური, ბიზანტიური, რომაული, ასირიული, სომხური, სლავური ქვეყნებისა და სხვ) გადაკვეთა მოხდა.
- V საუკუნეში ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა. ამავე დროს ისტორიული განვითარების მანძილზე, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, საქართველო სხვა რელიგიებისადმი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. უკვე XII საუკუნიდან დასაბამს იღებს კათოლიკური ტრადიცია.
- 200 წლის მანძილზე საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ბოლო პერიოდში კი ტოტალიტარული რეჟიმის ზეწოლას განიცდიდა.

ადგილმდებარეობა: ინსტიტუტი ქალაქის ცენტრში, მის უძველეს ნაწილში მდებარეობს (თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე), მართლმადიდებლური და კათოლიკური საკათედრო ტაძრების მახლობლად. აქვეა (მეჩეთი, სინაგოგა, სომხური სამოციქულო ეკლესია).

ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, ქრისტიანული კულტურისა და თეოლოგიის ცენტრი, ასევე,ტურისტული სააგენტო ეზოშია განთავსებული. დაწყებულია ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა. ამავდროულად გრძელდება ინსტიტუტის კეთილმოწყობის სამუშაოები.

სასწავლო სისტემა და მიზნები: ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ არჩეული რექტორი. სამეცნიერო და სასწავლო პროცესის ორგანიზაციაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ პრორექტორებს. საოფისე სამუშაოს და საჭირო დოკუმენტაციის შედგენას აწარმოებს ორი მდივანი. სასწავლო სისტემა თეოლოგიური, ისტორიული, ფილოსოფიური და კულტურული დისციპლინების საფუძვლიან შესწავლაზეა დაფუძნებული.

ინსტიტუტში ისწავლება: თეოლოგიური, ისტორიული, ფილოსოფიური დისციპლინები, რელიგიების ისტორია, ქრისტიანული ხელოვნებისა და სასულიერო მუსიკის ისტორია, მშობლიური ენა და ლიტერატურა, აგრეთვე ძველი ენები (ძვ. ქართული, ლათინური, ძვ. ებრაული, ძვ. ბერძნული) და თანამედროვე (ინგლისური, გერმანული, იტალიური).

ინსტიტუტის მიზანია: ქრისტიანული თეოლოგიის განხრით სპეციალისტების მომზადება, რომელთაც შემდგომში შესაძლებლობა მიეცემათ გააგრძელონ სამეცნიერო-პედაგოგიური და საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ლექციებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური პედაგოგები. ამჟამად ინსტიტუტში სწავლობს 54 სტუდენტი (მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ბაპტისტები, ლუთერანები, სომეხ-კათოლიკენი, ასირო-ქალდეველები და სხვა), რომლებიც ცდილობენ დაეუფლონ ფუნდამენტურ-თეოლოგიურ ცოდნას და აიმაღლონ სულიერი და ინტელექტუალური დონე.

სასწავლო პროცესი ოთხწლიანია. მეცადინეობა ტარდება კვირაში ხუთი დღე: I კურსი 13.30 სთ-დან 17 30 სთ-მდე. დანარჩენი კურსები 15 სთ-დან 19.30 სთ-მდე (სტუდენტთა სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შესაძლებელია შეიცვალოს მეცადინეობის დაწყების დრო). ყოველი აკადემიური სემესტრის ბოლოს ბარდება ოფიციალური გამოცდები. ყოველწლიურად ტარდება სასწავლო პრაქტიკა სხვადასხვა რელიგიური ცენტრებისა და კულტურის ძეგლების გაცნობის მიზნით. ყველა წარჩინებულ სტუდენტს რეალური შესაძლებლობა ექნება კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ხარისხის მოსაპოვებლად სწავლა განაგრძოს ევროპის შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებელში.

კონტაქტები: ინსტიტუტს მუდმივი ურთიერთობა აქვს სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან (მოსკოვის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბიბლეისტიკისა და თეოლოგიის ინსტიტუტი, მოსკოვის წმ. თომა აქვინელის სახელობის ინსტიტუტი, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი) და აგრეთვე ცალკეულ სპეციალისტებთან (გერმანია, იტალია, პოლონეთი, ლვოვი და სხვ). წელიწადში ორჯერ მოწვეული პედაგოგები ატარებენ ლექციების ინტენსიურ კურსს.

ბიბლიოთეკა: შეიცავს 10 000-ზე მეტ წიგნს (თეოლოგიური პროფილით ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში) ქართულ, რუსულ და უცხო ენებზე. ელექტრონული კატალოგი შედგენილია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის მიერ. უახლესი პუბლიკაციების გაცნობის მიზნით, ინსტიტუტი თანამშრომლობს მოსკოვის ბიბლეისტიკისა და თეოლოგიის ინსტიტუტთან, სასულიერო ლიტერატურის ბიბლიოთეკასთან და წმ. პავლეს სახელობის ბიბლიოთეკასთან.

ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი: ცენტრი ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, დისკუსიებს და ფილმების ჩვენებას. ცენტრმა გამოსცა შემდეგი წიგნები: ზურაბ კიკნაძე -"ხუთწიგნეულის თარგმანება", სულხან-საბა ორბელიანი - "სამოთხის კარი" (საქრისტიანო მოძღვრება), გიორგი ლეონიძე - "სულხან-საბა ორბელიანი", სულხან-საბა ორბელიანი "მოგზაურობა ევროპაში~" დედა ტერეზა - "არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული...", კარლო მარია მარტინი, უმბერტო ეკო - "რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?", ზაზა შათირიშვილი "ნარატივის აპოლოგია", მერაბ ღაღანიძე - "წვდომისა და გამოხატვის ოსტატობა".

საგამომცემლო ცენტრი: სამწუხაროდ, საჭირო ლიტერატურა მშობლიურ ენაზე ნაკლებად მოიპოვება. ამის გათვალისწინებით, ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ლექციათა კრებულების ქართულ ენაზე გამოცემას, რაც, უდავოდ, დაეხმარება სტუდენტებს სასწავლო პროგრამის ათვისებაში.
ამის გარდა, ცენტრში ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებიც იბეჭდება. ყოველივე ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანთა შორის დიალოგის წარმართვისათვის.
ინსტიტუტი წმ. ირინეოს ლიონელის სახელობის ბიბლიურ-თეოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად უშვებს ჟურნალ "დიალოგს", ასევე ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჟურნალ "საბას" პუბლიკაციებში.

კომპიუტერული ქსელი:

კომპიუტერების საერთო რაოდენობა - 12 ცალი
აქედან:
- 2 (ორი) ადმინისტრაციის,
- 2 (ორი) დირექტორატის,
- 6 ( ექვსი ) კომპიუტერი სტუდენტებისთვის:
- 1 (ერთი) განთავსებულია ბიბლიოთეკის შენობაში,
- 1 (ერთი) კომპიუტერი დგას სამდივნოში, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. - 6 კომპიუტერები ჩართულია ინტერნეტში.

ფინანსები: ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რექტორატმა სტუდენტებისათვის სწავლების არც თუ მაღალი საფასური დააწესა.
ინსტიტუტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ სხვადასხვა ასოციაციები და ცალკეული პირები.

წესდება

© Sulkhan Saba Orbeliani Institute of Theology, Philosophy, History and Culture.
2006. All rights reserved.

TOP.GE